ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების პროგრამის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N145 ბრძანებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში".
ცვლილება ძირითადად შეეხო საბროკერო კომპანიების საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნებს.
"კერძოდ, იმ საბროკერო კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ განახორციელონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მხოლოდ "ა"-"დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობები (ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის კონსულტაციების გაწევა, კვლევა), მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 150 000 ლარამდე შემცირდა, ხოლო იმ საბროკერო კომპანიებისთვის კი, რომლებიც კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ სხვა საქმიანობასაც აწარმოებენ, ძალაში რჩება დღეს არსებული მოთხოვნა - 500 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მინიმალური კაპიტალის განსაზღვრის მსგავსი მიდგომა საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. წესში განხორციელებული ცვლილების მიზანი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ახალი მოთამაშეების დაინტერესება და საკონსულტაციო და კვლევითი მიმართულებების გააქტიურებაა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.