საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 28 მაისს წარადგინა უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამა მოიცავს იპოთეკური სესხების სუბსიდირების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო მოახდენს მოქალაქეების მიერ აღებული იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას შემდეგი პირობებით:
- იპოთეკების სუბსიდირების ჯამური ბიუჯეტი - 70 მილიონი ლარი;
- სესხების კატეგორია - ახალ აშენებული ბინის შესაძენად აღებული იპოთეკური სესხები;
- ერთ მოქალაქეზე სუბსიდირებადი სესხის მაქსიმალური ლიმიტი - 200 000 ლარი. ამასთან, დასუბსიდირდება პირის მიერ აღებული ყველა ამგვარი სესხი, თუ მათი ჯამური ოდენობა არ აღემატება 200 000 ლარს;
- სესხის ვალუტა - ლარი;
- სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი - 4%;
- სუბსიდირების ხანგრძლივობა - სესხის აღებიდან 5 წელი;
- პროგრამის მოქმედების პერიოდი - 2020 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
ამასთან, საგულისხმოა, რომ სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდება 5%-ს, ხოლო კვლავ აცდენის შემთხვევაში სუბსიდირება განახლდება.
სახელმწიფო აგრეთვე გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას შემდეგი პირობებით:
- სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
- გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
- გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
- გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
- გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
- ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.
პროგრამის ფარგლებში ბანკებში სესხების გაცემა ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული პროგრამის შესახებ სხვა დეტალი ამ დროისთვის არ არის ცნობილი. პროგრამის დეტალური ბიუჯეტის და მასზე პასუხისმგებელი უწყების შესახებ მეტი 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის წარდგენის და მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღების შემდეგ გაირკვევა.