საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ.
ამ მიზნით შემუშავდა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის (ე.წ. ვიზიტორი) საქართველოში შემოსვლის წესი საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელებისათვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილება. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებთანაც საქართველოს საზღვრები გახსნილი აქვს და კარანტინის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა.
ვიზიტორი საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ვალდებულია შეავსოს განაცხადი სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.stopcov.ge და მიიღოს შესაბამისი თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან.
განაცხადი ელექტრონულ პროგრამაში ივსება ინგლისურ ენაზე. განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
· მოქმედი პასპორტის ასლი;
· ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი);
· ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ;
· უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია;
· ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ;
· ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით;
· სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
· უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით ატვირთვის შემთხვევაში.
· წინასწარი დასტური სავალდებულო 12 დღიანი კარანტინის გავლის შესახებ.
ამასთან, ვიზიტორი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12 დღიანი კარანტინი, ხოლო 12 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება.
განცხადების განხილვა ხორციელდება განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში. ვიზიტორს უარი ეთქმევა საქართველოში შემოსავლაზე, თუ:
ა) განაცხადი შევსებულია არასრულად ან არასწორად;
ბ) მოთხოვნის მიზნობრიობა არ შეესაბამება ბიზნეს/შრომით საქმიანობას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლების არსებობისას.
ამასთან, განაცხადის შემვსები პირისთვის არასასურველი გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანხმობის გამცემი უწყება იტოვებს უფლებას, არ განუმარტოს განაცხადის შემვსებ პირს თავისი გადაწყვეტილება.