2021 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი, რომელმაც ჩაანაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს მიღებული ბრძანება.
წესის ახალი რედაქციის თანახმად, კიდევ უფრო გაიზარდა ფინანსური ორგანიზაციების (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირები) ვალდებულებები მომხმარებლებთან მიმართებაში, კერძოდ:
- სესხის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის მიზეზია კრედიტინფოში ასახული მონაცემები, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის დაწესების გარეშე, შეატყობინოს მომხმარებელს სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი;
- ახალი რეგულაციით გაჩნდა „გენერალური ხელშეკრულების“ ცნება. გენერალური ხელშეკრულება განიმარტება როგორც საფინანსო პროდუქტებით კლიენტის მომსახურების შესახებ ძირითადი ხელშეკრულება, გარდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა, რომლის ფარგლებშიც ფორმდება კონკრეტული საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულება. ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება, გენერალურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რისკები დეტალურად გააცნონ მომხმარებლებს;
- ფინანსურ ორგანიზაციას დაეკისრა ვალდებულება, საფინანსო პროდუქტის დაზღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს შესთავაზოს არანაკლებ 3 (სამი) სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევისათვის. დღემდე არსებული რეგულაციით ფინანსური ორგანიზაციები თვითონ განსაზღვრავდნენ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას, რომელშიც სესხთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო ქონების ან მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა. უფრო მეტიც, ახალი რედაქციით მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, თვითონ წარადგინონ ფინანსურ ორგანიზაციაში სადაზღვევო პოლისი მათ მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიიდან (რომელიც უნდა იყოს ფინანსური ორგანიზაციის მიერ დადგენილ დაზღვევის მინიმალური მოთხოვნების შესაბამისი), ხოლო ფინანსურ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, დასაბუთების გარეშე, უარი განაცხადოს მის მიღებაზე;
- გაიზარდა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილების შეტყობინების ვადა. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შესახებ აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე. ამასთან, მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული განცხადება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ არ ჩაითვლება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებად.
კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს ის, რომ წესის ახალი რედაქციით, გარდა მომხმარებლისა, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მოექცნენ, აგრეთვე, მსესხებლის თავდები და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე. კერძოდ:
- ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს არამარტო მსესხებელს, არამედ თავდებს ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესაც;
- ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ინფორმირების ვალდებულება გაიზარდა, აგრეთვე, სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაზეც, კერძოდ, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დავალიანების წარმოშობის დღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე არა მხოლოდ მსესხებელს, არამედ, აგრეთვე, თავდებს და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს;
- ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია წერილობითი ინფორმირება/გაფრთხილება მისცეს თავდებს და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, რომ გენერალური ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, მსეხებელზე დამატებით კრედიტის გაცემის შემთხვევაში, კრედიტის გაცემაზე მათი დამატებითი თანხმობა არ იქნება საჭირო და მათი უზრუნველყოფის მოცულობა გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის ფარგლებში გაცემულ ყველა კრედიტზე. გარდა ამისა, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ყოველი ახალი სესხის გაცემისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება თავდებს ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სესხის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
შეიზღუდა ფინანსური ორგანიზაციების უფლებები იმ თვალსაზრისით, რომ მათ აღარ ექნებათ უფლება, სესხის დაფარვის მიზნით, დაარღვიონ მომხმარებლის ვადიანი დეპოზიტი და მისი მეშვეობით მოახდინონ მოთხოვნის დაკმაყოფილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ვადიანი დეპოზიტი დაგირავებულია სესხის უზრუნველსაყოფად და გირავნობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ახალი რედაქციის თანახმად გაიზარდა მომხმარებელთა უფლებები რამდენიმე მიმართულებით:
- თუ მომხმარებელი ერთდროულად სარგებლობს რამდენიმე საფინანსო პროდუქტით და უწევს მათი თანადროულად დაფარვა, მომხმარებელს მიენიჭა უფლება, თავად აირჩიოს სესხის დაფარვის რიგითობა, კერძოდ, უშუალოდ სესხის დაფარვის ეტაპზე უნდა მოხდეს მომხარებლის მიერ იმისი მითითება, თუ რომელი სესხის დასაფარად უნდა მიიმართოს პირველ რიგში მის ანგარიშზე არსებული თანხა. აღნიშნულ საკიხზე მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმება დაუშვებელია;
- თუ მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე თანხა აქვს სხვადასხვა ვალუტაში, მას მიენიჭა უფლება, თავად აირჩიოს კონვერტაციის პრიორიტეტი სესხის თანხის დაფარვისას.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რეგულაციით შემცირდა წინსწრებისა და რეფინანსირების საკომისიოს მაქსიმალური მოცულობაც, რომელიც აქამდე არსებული რეგულაციით შეადგენდა 2%-ს როგორც ინდექსირებულ, აგრეთვე ცვლადგანაკვეთიან სესხებზე. ახალი რედაქციის თანახმად, სესხის საპროცენტო განაკვეთის თითოეული ტიპის მიხედვით (ფიქსირებული, ინდექსირებული, ცვლადი) დადგინდა საკომისიოების განსხვავებული მაქსიმალური მოცულობები. კერძოდ, ცვლადგანაკვეთიანი სესხების შემთხვევაში წინსწრების/რეფინანსირების საკომისიო არ შეიძლება იყოს სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 1%-ზე მეტი, ხოლო ინდექსირებულგანაკვეთიანი (მაგ: რეფინანსირების განაკვეთზე, ლიბორზე ან სხვა საჯარო ინდექსზე მიბმული) სესხის შემთხვევაში - 0,5%-ზე მეტი.