საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში. სებ-ის მიერ 03.06.2021წ. ოფიციალურ ვებ-გვერდზე (nbg.gov.ge) გამოქვეყნდა დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტები. პროექტის თანახმად, ცვლილებები ძირითადად ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და ამ პროცესების მიმართ მოთხოვნების დაწესებას. ასევე, იგეგმება უზრუნველყოფის საგნის (ძვირფასეულობა, ტექნიკა თუ სხვა) მოპყრობისა და შენახვის სტანდარტების დაწესება უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში. ცვლილებები შეეხება აგრეთვე სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო რისკების მართვას, კერძოდ, იგეგმება საერთო სტანდარტების შემუშავება და ამ მიმართულებით შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საოპერაციო რისკების შემცირებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად, ზუსტდება რამდენიმე დებულება და წესი, რომელიც შეეხება სესხის გამცემი სუბიექტების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ადმინისტრატორებისა და ბენეფიციარების მიმართ მოთხოვნებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებებით, აგრეთვე, იგეგმება ზემოაღნიშნული სუბიექტების უსაფრთხოების სისტემების სრულყოფაც.
ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს ზემოაღნიშნული ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით წარადგინონ თავისი შენიშვნები, შეთავაზებები ან/და დასვან შეკითხვები. მოსაზრებების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: LE@nbg.gov.ge.