2020 წლის 01 სექტემბრიდან ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“. კოდექსის მიღება განპირობებულია საქართველოს მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და კანონმდებლობის მასთან იმპლემენტაციის აუცილებლობით.
კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.
კოდექსის მიზანია:
· ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ხელშეწყობა, მათი თანასწორობის დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ოჯახის მხარდაჭერა / მისგან დაცვა, ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსება;
· ბავშვის ძალადობისგან და მავნე ზეგავლენისაგან დაცვა;
· საჯარო და კერძო სექტორში ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა;
· სოციალური სამსახურის ჩართულობა და ბავშვის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე. ინფორმაციის მიღებისგან დაცვა.
კოდექსის თანახმად, იზრდება სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობის მოცულობა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. ამ მიმართულებით აქტიურად იქნება ჩართული სოციალური მუშაკი. თუ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას, სოციალური მუშაკი უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ. სოციალური მუშაკის შუამდგომლობა ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ წარედგინება სასამართლოს შესაბამისი დასაბუთებით. აღნიშნული საფრთხის შეფასებაში უნდა მონაწილეობდეს პოლიციის თანამშრომელიც, რომლის დადებითი ან უარყოფითი დასკვნა შეიტანება შესაბამის ოქმში. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ან ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ კოდექსი ანიჭებს ბავშვს კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის ან/და დახმარების მიღების უფლებას სახელმწიფოს ხარჯზე. ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური. სამსახური უზრუნველყოფს მხარდაჭერას როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ასევე ადაპტირებული ინტერნეტ გვერდებით, ბეჭდური და სხვა საშუალებებით.
კოდექსის მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯბესებაზე.