01 ოქტომბრიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილება შეეხო უცხო ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ უცხოელ ვიზიტორებს, რომელთაც საზღვრის გადმოსაკვეთად უამრავი პროცედურის გავლა უწევდათ „COVID19“-ის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად.
ცვლილებების მიხედვით, უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან საქართველოში ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოდიან, გარდა თერმული სკრინინგისა, თავისუფლდებიან სხვა სავალდებულო პროცედურებისაგან, მათ შორის, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებული გამოკითხვისა და „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ შევსებისაგან, რაც გულისხმობს პირის ბოლო 21 დღის ადილსამყოფელზე სრული ინფორმაციის გაზიარებას და კვლევას მისი შესაძლო ინფიცირების თაობაზე, რაც შემდეგში პირების იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი ხდება.
საქართველოში ბიზნეს ან შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად. ბიზნეს ან შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში შემოსვლით დაინტერესებული პირი ვალდებულია შეავსოს დადგენილი ფორმის განაცხადი სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემაზე ან/და უარის თაობაზე იღებს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო.